არასრულწლოვანზე ზეწოლა

13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციის თანამშრომელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

ტყიბულში, 13 წლის მოზარდის ოჯახის წევრები პოლიციის თანამშრომელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც მოზარდის დედამ ტელეკომპანია "მთავარს" უთხრა, გამოძახებაზე მისულმა გამომძიებელმა ქალმა არასრულწლოვანი დააბულინგა და ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. 

“იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. უყვიროდა ბოლო ხმაზე, გადი ამ სახლიდან, ამ სახლში შენ არ გაქვს შემოსვლის უფლებაო. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს და სადაც არის საჭირო იქ მიგიყვანთო", - ამბობს მოზარდის ბებია.

ოჯახის ადვოკატის თქმით, გამომძიებელი მოზარდზე სისტემატურად ძალადობდა. 

თავად გამომძიებელი ბრალდებებს უარყოფს. ის "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ყველა კითხვაზე პასუხს შესაბამის ორგანოებს გასცემს. 

ტაბულა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ აქვთ. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები