აქციები ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ აქციები განახლდა, დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი

Reuters

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. პოლიციამ დააკავა 200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა - 18. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა როგორც აქტივისტების, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ. ჰონგ-კონგის ჟურნალისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ პრესის წარმომადგენლების ნაწილს აქციის დაშლის გადაღების საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ ისინი კორონავირუსის გამო შემოღებულ ზომებს არღვევდნენ, რომლის მიხედვითაც, 8 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

აქციები თავდაპირველად კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო აქციები დროებით შეწყდა.

კომენტარები