დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყინწვისზე: საპატრიარქო ვერ ჩაერევა, ეპარქიამ უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაში საპატრიარქო ვერ ჩაერევა.

"ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რამე გადაწყვეტილება მიღებული. საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია ან თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გააკეთოს. ეპარქიის ხელმძღვანელს შეუძლია სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

-------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა, რომ დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

ასევე, 3 მაისს, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მანვე აღნიშნა, რომ საკითხი სინოდის განსახილველი არ არის და - "მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი".

კომენტარები