დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

არქიმანდრიტი საბა: მანქანას რაღაც მოხვდა, არ ვიცი ავტომატით იყო თუ არა, არავინ დამინახავს

კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მტკიცებით, "ყინწვისში არაფერი მომხდარა". ის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას ისევ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრილი არ არის და არც ყოფილა.

"რაც შეეხება ჩემს მანქანას, მე არ მითქვამს, რომ ავტომატიდან იყო გასროლა. მე ვთქვი, რომ რაღაც მხვდებოდა. ვბრუნდებოდი გორიდან ეპარქიაში, მომხვდა რაღაც... მე არ გამიგია ავტომატიდან იყო თუ ცეცხლისგან, მე ვიცი, რომ რაღაცები მოხვდა მანქანას და გავაგრძელე გზა, მე არ დამინახავს ვინმე... მამა დავითს რომ მაპირისპირებენ, მამა დავითთან კონფლიქტიც არ მქონია მე" - ამბობს არქიმანდრიტი TV პირველთან საუბარში.

-------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა, რომ დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

ასევე, 3 მაისს, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მანვე აღნიშნა, რომ საკითხი სინოდის განსახილველი არ არის და - "მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი".

კომენტარები