დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ყინწვისზე: არავითარი გამართლება არ აქვს, ნუ, რა ვქნათ ახლა, ცუდია ძაან

რუსთავი2

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას "არავითარი გამართლება, არანაირი მხრიდან არ აქვს". მისივე თქმით, დამნაშავე ჩადენილისთვის პასუხს აგებს. 

"ვინმე ამბობს რომ ეს კარგი საქმეა? ან რომ ეს ასე უნდა იყოს, ან ნორმალურია, ან დასაშვებია? მოხდა რაღაცა ინციდენტი, რომელსაც არავითარი გამართლება, არანაირი მხრიდან არ აქვს. თან სასულიერო პირი დაკავებულია. აქ რა კომენტარი უნდა გაკეთდეს? მოხდა მოხდა, ნუ რა ვქნათ, ცუდია ძაან. მადლობა ღმერთს რომ სისხლი არ დაიღვარა. არავინ გაურბის პასუხიმგებლობას, აგებს ის ვინც დააშავა. ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალიან ცუდი, რა ვქნათ ახლა", - თქვა მიტროპოლიტმა. 

--------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა, რომ დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

ასევე, 3 მაისს, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მანვე აღნიშნა, რომ საკითხი სინოდის განსახილველი არ არის  - "მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი".

კომენტარები