დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

გიორგი ანდრიაძე ყინწვისზე: პოლიტიკურ ძალებს ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა უნდათ

საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე, ყინწვისში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე ამბობს, რომ "არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია". მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით "უამრავი გაუგებრობაა" და მისი მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

"არ არის ამოღებული ავტომატი... რვა დღის შემდეგ დააკავეს ეს პიროვნება. და რაც მთავარია, ვისაც ესროლეს, იმ მანქანაში ოთხი კაცი იჯდა კიდევ და ისინი ამბობენ, რომ ეს მამაო არ ყოფილაო.

ეს არის სურათი, რომლის მიზანიც არის ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა. ეს არის ქართველ ერში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის შეცვლის მცდელობა. ამისკენ სხვადასხვა ნაბიჯები არის მიმართული და ეს ყველაფერი მოდის ეკლესიის გარედან, იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც საქართველოში ბოგინობენ 25 წელია" - ამბობს ანდრიაძე.

ის რუის-ურბნისის მიტროპოლიტის განცხადებაზე აღნიშნავს, რომ მეუფე იობის სიტყვები - "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი" - არ მოუსმენია. გიორგი ანდრიაძის თქმითვე, "კონფლიქტი რომ ნამდვილად იყო, ამას ყველანი მოწმობენ, მაგრამ ეს იყო საერო პირებს შორის, მოძღვრების მიზანი, ალბათ, გაშველება იყო. მე მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი პასუხისგაუცემელი კითხვაა. მთავარი არის ის, რომ მერვე დღეს იჭერენ პიროვნებას და იჭერენ არა სადმე მთაში და ტყეში, არამედ, ის კაცი არსად არ იმალებოდა".

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის მმართველი ჯგუფის წევრი ასევე მიიჩნევს, რომ ეკლესიის და მისი უმაღლესი იერარქების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად "კორონავირუსისტერიაც, რომელსაც ნახევარი საქართველო საფლავში უნდა ჰყავდეს, სამი კვირა გავიდა მასობრივი ზიარებიდან".

-------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა, რომ დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

ასევე, 3 მაისს, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მანვე აღნიშნა, რომ საკითხი სინოდის განსახილველი არ არის და - "მე ეგ უკვე განვიხილე, მღვდელმოქმედება ავუკრძალე მამა დავითს. აი, ეს არის სასჯელი".

კომენტარები