კუბილიუსის წერილი

გახარია კუბილიუსის წერილზე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. გახარია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს.

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე", - ამბობს გახარია. 

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.

კუბილიუსი ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებისადმი "ნდობის მზარდ ნახვრეტად" აფასებს.

კუბილიუსის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის თანხლებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები