მოსკოვის ქართული ეკლესია დაიკეტა, წინამძღვარს, ფიოდორ კრეჩატოვს, Covid19 დაუდასტურდა

მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ეკლესია დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

არხთან საუბარში მოსკოვში ქართული ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, ამბობს, რომ ამის გამო თავადაც თვითიზოლაციაშია. მისივე თქმით, ვირუსის სიმპტომები ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს მამა მირონ კანთელაძეს აქვს, თუმცა მას ჯერ ტესტი არ გაუკეთებია:

"დაახლოებით 7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები. პირველი მაისიდან ტაძარი დაკეტილია. ჩატარდა დეზინფექცია და დაიკეტა საერთოდ ყველანაირი მსახურებისთვის, ასევე დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის ტერიტორიაზე, ეზოშიც ვერავინ ვერ შედის, რადგანაც ყველაფერი გადაკეტილია პირველი მაისის შემდეგ" - ამბობს ტვ პირველთან საუბარში დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი.

მისივე თქმით, სიმპტომები მრევლის რამდენიმე წევრსაც აქვს.

დეკანოზის მტკიცებით, ვირისული ინფექცია ერთი კოვზით ზიარებისას არ გავცელებულა, - "თუკი ეს ზიარების დროსაა გადასული, მე და მამა ფეოდორე, ყოველ კვირა დღეს ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით, მაშინ ყველას უნდა გვჭირდეს", - ამბობს დეკანოზი.

ახალი კორონავირუსი რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე 190 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. მოსკოვის მერი ამბობს, რომ რეალურად, მხოლოდ მოსკოვში, ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-ს აღწევს.

კომენტარები