კორონავირუსი

ტრამპი: კორონავირუსი უარესია, ვიდრე 9/11 და პერლ-ჰარბორზე შეტევა

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-პარბორზე შეტევები.

"ჩვენ გამოვიარეთ ყველაზე უარესი შეტევა, რაც კი ოდესმე გვქონია ჩვენ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ყველაზე უარესი შეტევაა, რაც ოდესმე გვქონია. ეს უარესია, ვიდრე პერლ-ჰარბორი. ეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა," - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში საუბრისას.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ ეს არასდროს უნდა მომხდარიყო, შესაძლებელი იყო წყაროს შეჩერება და შესაძლებელი იყო მისი ჩინეთში შეჩერება.

"ეს პირდაპირ წყაროსთან უნდა შეეჩერებინათ და ეს ასე არ მოხდა," - დასძინა მან.

2001 წლის 9 სექტემბერს ალ-კაიდას ტერორისტულ თავდასხმას აშშ-ში 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1941 წელს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმამ 2 403 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

7 მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 252 584 შემთხვევაა გამოვლენილი, 73 797 პაციენტი გარდაიცვალა, 205 205 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყნაში ვირუსის გამოსავლენად თითქმის 8 მილიონი ტესტი ჩატარდა.

6 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ჩინეთს მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა კომუნისტურმა ქვეყანამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვა არჩია და ის დღემდე ასე იქცევა:

"ისინი კვლავ არ არიან გამჭვირვალეები, ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომაზე, რაც ჩვენ მკვლევარებს, ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ. და რაც მთავარია, ეს შესაძლოა, კიდევ განმეორდეს".

-------------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე, რომელიც ე.წ. ვუხანის სველი ბაზრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, მრავალი მტკიცებულება არსებობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

აშშ-ის დაზვერვის მიხედვით, მეცნიერული კონსესუსია იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. 

1-ელ მაისს პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო, რაზეც მან უპასუხა - "კი, ნანახი მაქვს".

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

აღსანიშნავია, რომ AP აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი დაავადების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რათა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი შეექმნა.

კომენტარები