პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: 6 ახალი პაციენტიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 6 ახალი ინფიცირებულიდან ყველას დაავადების წყარო ცნობილია.

"ორის წყარო არის ბოლნისი, ორის - ზუგდიდი და ორი არის არსებული წყაროებიდან, ანუ საკარანტინო სივრციდან", - ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, საქართველოში კოვიდ ცენტრებში 332 პაციენტია. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათთან 56 პაციენტი წევს, აქედან 2 შესაძლო შემთხვევაა, ხოლო 54 დადასტურებული. 

ეზუგბაიას ინფორმაციითვე, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ რჩება ერთი კრიტიკული ასაკოვანი პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს.

"პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით, კლინიკური მდგომარეობით და ლაბორატორიული ტესტების შედეგებით, არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით საერთოდ არ არის", - ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება მძიმე პნევმონიებს, ეზუგბაია ამბობს, რომ 7-დან დარჩა მხოლოდ ორი მძიმე პნევმონია, ხოლო 5 ინფიცირებული უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტად ითვლება.

საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 269 გამჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები