კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთის საავადმყოფოში 27 დეკემბერს მიყვანილ პნევმონიან ადამიანს COVID-19 ჰქონდა

Reuters

საფრანგეთში მდებარე ჟინ ვერდიერის სახელობის საავადმყოფოში, პნევმონიით დაავადებული ძველი პაციენტების ნიმუშები ხელახლა გატესტეს და აღმოაჩინეს, რომ 27 დეკემბერს პნევმონიის დიაგნოზით კლინიკაში შესულ ადამიანს ახალი კორონავირუსი ჰქონდა.

ჟინ ვიერდერისა და ავიცენას საავადმყოფოების მთავარი რეანიმატოლოგის, ივ კოენის თქმით, მეცნიერებმა ხელახლა დეკემბერსა და იანვარში მიღებული 24 პაციენტის ნიმუშები გატესტეს.

"24 პაციენტიდან ერთ-ერთს Covid-19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდა", - უთხრა ივ კოენმა BFM TV-ს.

მისივე თქმით, ნიმუშები რამდენჯერმე PCR ტესტების მეშვეობით გაიტესტა, რათა პროცესში რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო დაშვებული.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 24 იანვარს გამოვლინდა - ვირუსი ორ ადამიანს პარიზში, ხოლო ერთ ადამიანს ბორდოში დაუდასტურდა. 

ივ კოენის თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იყო თუ არა 27 დეკემბერს საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანი. მისივე თქმით, პაციენტი ცოცხალია და გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ვინ იყვნენ მისი წყაროები.

"ის 15 დღის განმავლობაში ავად იყო და ვირუსი თავის ორ შვილს გადასდო, თუმცა არა მის ცოლს, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს. იგი გაოცებული იყო და ვერ ხვდებოდა საიდან დაინფიცირდა. ის არ იმყოფებოდა მოგზაურობაში. მხოლოდ თავის ცოლთან ჰქონდა კონტაქტი", - თქვა ივ კოენმა.

4 მაისის მონაცემებით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170 000-მდე დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი. აქედან, 51 000 ადამიანზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები