კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე კვირაში დაიწყება და უფასო იქნება

GETTY IMAGES

საფრანგეთის პრემიერმინისტრის ჟან კასტექსის თანახმად, საფრანგეთში COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე კვირაში უფასო იქნება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაიწყება.

იანვარში იგეგმება მაღალი რისკჯგუფების, ერთი მილიონი ადამიანის აცრა, რის შემდეგაც ვაქცინაციის მეორე ეტაპზე, თებერვალში 14 მილიონი ადამიანი აიცრება.

პრემიერმინისტრის თანახმად, საფრანგეთმა სხვადასხვა მწარმოებლებს 200 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა. ეს რაოდენობა 100 მილიონი ადამიანის ასაცრელადაა საკმარისი, რაც საფრანგეთის მოსახლეობაზე მეტია.

ვაქცინაცია საფრანგეთში ნებაყოფლობითი იქნება. კასექსის თქმით, ვაქცინები დამტკიცებული და უსაფრთხო იქნება.

საფრანგეთში ვაქცინაციის პროცესის 5-ფაზიანი გეგმა შეიმუშავეს. პირველი ორი ფაზის ფარგლებში იგეგმება ხანდაზმული ადამიანების აცრა. მესამე ფაზაში აიცრებიან 50-წელს გადაცილებული ადამიანები და 50-წელს ქვემოთ თანმხლები დაავადებების მქონე პირები. მეოთხე ფაზის დროს ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მეხუთე ფაზაში ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის.

COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი იანვრიდან დაიწყება იტალიაში. საფრანგეთის მსგავსად იტალიაშიც აცრა ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.

პირველი ქვეყანა, რომელშიც COVID-19-ის ვაქცინა დაამტკიცეს, დიდი ბრიტანეთია. Pfizer-ის შემუშავებული ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესი დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება აშშ-ი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

კომენტარები