კორონავირუსი საფრანგეთში

ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანტივაქსერი ტყუპი ძმები COVID-19-ით გარდაიცვალნენ

გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები
Getty Images

საფრანგეთში ცნობილი ტელეწამყვანი ტყუპი ძმები, გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. გრიჩკა ბოგდანოვი 28 დეკემბერს გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა 3 იანვარს. ბოგდანოვები ცნობილი 1980-იან წლებში გახდნენ, მათ პოპულარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-ფანტასტიკური გადაცემები მიჰყავდათ.

72 წლის ძმები კორონავირუსზე აცრილი არ იყვნენ. მეგობრების თქმით, ძმები თვლიდნენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი მათ გართულებებისგან დაიცავდა. ოჯახის მეგობარი პიერ-ჟან შალენსონის თქმით, ისინი მკურნალობისთვის საავადმყოფოში დაგვიანებულად მივიდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ კორონავირუსის ინფექცია გრიპივით იყო.

"ხალხი ამბობს, რომ ანტივაქესერები იყვნენ, მაგრამ არ ყოფილან. რამდენიმე მეგობარმა უთხრა, რომ აცრილიყვნენ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ცხოვრების სტილის და ჯანმრთელობის პრობლემების არ ქონის გამო კოვიდის რისკჯგუფში არ იყვნენ" - თქვა შალენსონმა.

ძმების კიდევ ერთი მეგობრის ლუკ ფერის თქმით, იგორი და გრიჩკა ზოგადად "ანტივაქსერები არ იყვნენ, მაგრამ საკუთარ თავთან მიმართებით ანტივაქსერები იყვნენ".

"ორივე ათლეტური იყო, გრამი ცხიმი არ ჰქონდათ და ეგონათ, რომ ვაქცინა ვირუსზე უფრო საშიში იყო" - თქვა ფერიმ.

ძმებს წლების განმავლობაში სატელევიზიო გადაცემა Temps X-ი მიჰყავდათ, რომელიც პოპულარულ სამეცნიერო თემებზე იყო. მათი კიდევ ერთი გადაცემა TF1 თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხებოდა.

1990-იან წლებში ძმების სახის ნაკვთები მკვეთრად შეიცვალა. გრიჩკა ბოგდანოვი უარყოფდა, რომ ძმებს პლასტიკური ოპერაცია ჰქონდათ გაკეთებული. ბოგდანოვების თქმით, მათ თავის თავზე მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები გამოცადეს და ამაყობდნენ, რომ უცხოპლანეტელებივით გამოიყურებოდნენ. თუმცა ძმების მეგობრის, ლუკ ფერის თქმით, ორივე ძმამ ბოტოქსის ინექციები გაიკეთა.

საავადმყოფოში მოხვედრამდე ძმები ძველი გადაცემის განახლებაზე მუშაობდნენ.

კომენტარები