კორონავირუსი და ეკონომიკა

დაჯარიმდებიან კომპანიები, რომლებიც კომპენსაციების მისაღებად მცდარ მონაცემებს წარადგენენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ისეთი კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის მისაღებად არასწორ მონაცემებს წარადგენენ, დაჯარიმდებიან.

გარდა ამისა, კომპანიები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ არასწორ მონაცემებს წარადგენენ მათი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ან უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ.

მთავრობა გეგმავს, საგადასახადო კოდექსში ჩაამატოს ნორმა, რომელიც კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენას დაავალდებულებს.

"ჩვენ ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება, ასევე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში.

ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დაქირავებით დასაქმებულები, ვინც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად სამუშაო ადგილი დაკარგეს.

გარდა ამისა, მთავრობა ექვსი თვით საშემოსავლო გადასახადისგან სრულად ათავისუფლებს 750 ლარამდე ხელფასებს, ხოლო 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში შეღავათი 750 ლარამდე გავრცელდება.

კომენტარები