ბორის ჯონსონი

ჯონსონი ავადმყოფობაზე: ექიმები მზად იყვნენ, ჩემი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ

ბორის ჯონსონი
Independent

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა the Sun-თან კორონავირუსით ავადმყოფობის და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ლიტრობით ჟანგბადი დასჭირდა და იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან. ექიმები მზად იყვნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ.

"რთული მომენტი იყო, არ უარვყოფ. ექიმებს ჰქონდათ სტრატეგია, როგორ გამკლავებოდნენ "სტალინის სიკვდილის" ტიპის სცენარს... მე კარგ ფორმაში არ ვიყავი და ვიცოდი, რომ მსგავსი ვითარებისათვის გეგმა არსებობდა. ექიმებს ჰქონდათ გათვლილი, რა უნდა გაეკეთებინათ, თუ სიტუაცია გაუარესდებოდა", - თქვა მან.

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ თვითიზოლაციის დროს, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, დაუჯერებელი იყო, თუ როგორ სწრაფად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ვერ ხვდებოდა, თუ რატომ არ ხდებოდა უკეთ.

"ყველაზე ცუდი მომენტი მაშინ დადგა, როცა 50/50-ზე იყო გადაწყვეტილება ჩამიდგამდნენ თუ არა სასუნთქ მილს", - თქვა მან.

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ბორის ჯონსონს და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც სახელი ნიკოლასი იმ ექიმების საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლებმაც ჯონსონი გადაარჩინეს.

ჯონსონი სამსახურს 27 აპრილს დაუბრუნდა. მას ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. მაშინ ჯონსონმა თქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და მთავრობის მართვას თვითიზოლირებული გააგრძელებდა. მოგვიანებით, 5 აპრილს, ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს სასუნთქი აპარატი არ დასჭირდა. საავადმყოფო მან ერთ კვირაში დატოვა.

კომენტარები