კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში COVID-19-ით ერთ დღეში 135 ადამიანი გარდაიცვალა - ყველაზე ნაკლები ბოლო 6 კვირაში

euronews.com

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 135 ადამიანი გარდაიცვალა - ყველაზე ნაკლები ბოლო 6 კვირაში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით საავადმყოფოებში 25 815 ადამიანი მკურნალობს. პაციენტებიდან 3 819 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.  

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 168 693 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 50 784 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 24 895 პაციენტი. 

3 მაისის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირებულია იტალიაშიც - ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ყველაზე ცოტა 10 მარტის შემდეგ. ესპანეთში კი COVID-19-ით ბოლო 24 საათში 164 პაციენტი გარდაიცვალა - ყველაზე ნაკლები 18 მარტის შემდეგ. 

საფრანგეთი კორონავირუსის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს. ქვეყანაში კარანტინი 11 მაისისთვის მოიხსნება. საგანგებო მდგომარეობა კი საფრანგეთში 24 ივლისამდე გაგრძელდება.

მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. მათგან 1 145 031 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 246 950 კი გარდაიცვალა.

კომენტარები