დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი იოანე ყინწვისზე: ხე ნაყოფით იცნობა, გამოჩნდება და მერე ვიტყვით, იყო იარაღი თუ არა

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ამბობს,რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ არაფერი არაფერი იცის და "ეჭვები მისი საქმე არ არის". 

"ხე ნაყოფით იცნობა, ჩვენ ველოდებით ნაყოფს, გამოჩნდება და მერე ვიტყვით იყო იარაღი, არ იყო იარაღი, მე რავიცი, იქ არ ვიყავი"- თქვა მიტროპოლიტმა და აღნიშნა რომ "ყველაფერი შესაძლოა, ცილისწამებაც შესაძლოა, მაგრამ ეს არის ვარაუდები". 

გასროლისთვის სასულიერო პირი მამა დავით (კობა) კობაიძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ტყვია მან მეორე სასულიერო პირის, მამა საბას, მანქანას ესროლა და მიიმალა.

3 მაისს მომხდარს პირველად გამოეხმაურა რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი". მისივე თქმით, სასულიერო პირებს ერთმანეთში არ უჩხუბიათ, მაგრამ "ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს".

მომხდარს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს.

------- 

სასულიერო პირი, მამა დავით (კობა) კობაიძე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

კომენტარები