11 წლის გოგო, რომელსაც ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
შემთხვევა, დაახლოებით, 20:00 საათისთვის ნიკეას ქუჩაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ გაქცეულა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, თუმცა ბავშვის გარდაცვალების შედეგად, მუხლი გადაკვალიფიცირდება.





