დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და ცენტრის სამი ეპიდემიოლოგი მარნეულში ჩავიდნენ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და მერთან, ასევე ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ეპიდსიტუაცია განიხილეს.
"დამატებით რეკომენდაციებს ვაყალიბებთ, რადგან მარნეულში პირველი ღონისძიებები რომ გავატარეთ, ძალიან ეფექტიანი იყო. თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, გუშინ ისევ გვქონდა და სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებში, სამედიცინო პერსონალში. ამიტომ ისევ არის აღსადგენი, ვთქვათ, ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში - თერმოსკრინინგი, აქტიური გამოვლენა მომატებული ტემპერატურითა და სიმპტომებით, მათი ლაბორატორიული კვლევა და თუ დადგინდა, შემდგომი მკურნალობა“, – თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია.
"უნდა დავაჯეროთ, რომ რაც მსოფლიოში ხდება, არ არის სურდო და ალერგია" - განაცხადა გამყრელიძემ და მოსახლეობას მოუწოდა - ყოველდღიურად გაისინჯოს ტემპერატურა.
"მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში" - თქვა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 207 და გარდაიცვალა 8 ადამიანი. NCDC-ის დირექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის - 107 შემთხვევა დადასტურდა ბოლნისში, 48 - თეთრიწყაროში, 33 - მარნეულში.





