ეკონომიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 3,8%-ით შემცირდა

REUTERS

2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის მშპ 3,8%-ით შემცირდა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება ევროსტატმა გამოაქვეყნა. 

პირველ კვარტალში კლება ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. კიდევ უფრო მეტად შემცირდა რამდენიმე ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა. მაგალითად, საფრანგეთის მშპ 5,8%-ით შემცირდა, ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი ქვეყანას 1949 წელს ჰქონდა.

ესპანეთის ეკონომიკურმა ვარდნამ 5,2% შეადგინა, ბელგიის - 3,9%, ავსტრიის - 2,5%. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტის ING-ის ცნობით, ბოლოს მსგავსი ვარდნა ბლოკის ქვეყნებში 1970 წელს გამოვლინდა. 

უნდა ითქვას, რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა გერმანიის კვარტლური მონაცემები, წინასწარი შეფასებით, ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა წელს შესაძლოა 6,3%-ით შემცირდეს. პირველ კვარტალში მიღებული შემზღუდავი ზომებისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე მოსალოდნელია, რომ მეორე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. 

რაც შეეხება წლიურ პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროზონას ყველაზე დიდ ეკონომიკურ ვარდნას უწინასწარმეტყველებს. ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ევროზონის ეკონომიკა 7,5%-ით შემცირდება.

კომენტარები