აშშ

ტრამპი: WHO-ს უნდა რცხვენოდეს, ჩინეთისთვის PR-სააგენტოსავით არიან

დონალდ ტრამპი
aa.com

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს, რადგან ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურივით მოიქცნენ. 

პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, ამ ეტაპზე ჰქონდა თუ არა ნანახი რაიმე მტკიცებულება, რაც მას აძლევდა საფუძველს, ეთქვა, რომ ვირუსის წყარო ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი იყო.

"კი, ნანახი მაქვს. და მე ვფიქრობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს თავისი თავის, რადგან ჩინეთისთვის PR-სააგენტოსავით არიან. ეს ქვეყანა მათ წელიწადში თითქმის $5 000 000-ს უხდის და ჩინეთი - $38 000 000-ს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბევრია, თუ ცოტა. ისინი არ უნდა ამართლებდნენ, როდესაც ადამიანები საშინელ შეცდომებს უშვებენ, განსაკუთრებით თუ ეს შეცდომა მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას ადამიანს კლავს", - თქვა ტრამპმა. 

15 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს. მისი გადაწყვეტილებით, აშშ ორგანიზაციის საწევრო შენატანებს აღარ გადაიხდის. დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. 

ახალი კორონავირუსი 2019 წლის მიწურულს ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან, ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა და ორ თვეში პანდემიად იქცა. 

28 აპრილს ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლიდა. ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, თქვა, რომ აშშ-ის მოსაზრებით, ოფიციალურმა პეკინმა ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დროულად არ გაამჟღავნა და დამალა, რამდენად საშიში იყო ის. 

მანამდე, 22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გამო უჩივის. სარჩელი ფედერალურ სასამართლოში შტატის გენერალურმა პროკურორმა შეიტანა. ერიკ შმიტი ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის საფრთხის შესახებ იცრუა და საკმარისი არ გააკეთა მისი გავრცელების სისწრაფის შესაჩერებლად.

კომენტარები