კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ჯონსონი: პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ კორონავირუსის პიკი გადავლახეთ

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გადალახა და გეგმას, რომლითაც ნორმალურ ცხოვრებას ეტაპობრივად დაუბრუნდებიან, მომავალ კვირას წარადგენს. მან ბრიტანელებს მოუწოდა გააგრძელონ შეზღუდვების დაცვა.

"დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ დაავადების პიკი გადავლახეთ. ახლა დაღმავალი ტენდენცია გვაქვს და გვაქვს ბევრი მიზეზი იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში იმედიანად ვიყოთ."

"მომავალ კვირას წარმოვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას რათა ავხსნათ, როგორ უნდა ავამოძრავოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლებში, ბაღებში, როგორ ვიაროთ სამსახურებში და როგორ გავხადოთ სამუშაო ადგილები უფრო უსაფრთხო." თქვა მან.

ჯონსონმა თქვა, რომ ახლა მთავარია კონტროლი არ დაკარგონ და მეორე, უფრო მძლავრი ტალღა არ წარმოიშვას:

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ კონტროლი და არ აღმოვჩნდეთ მეორე, უფრო დიდ მთაზე."

ჯონსონის თქმით შეზღუდვების მოხსნის ვარიანტებს მომავალ კვირას წარმოადგენენ და ნებისმიერი ცვლილების დროს მეცნიერების რჩევებს გაითვალისწინებენ. მისივე თქმით პირბადეები შემდეგ ფაზაში დიდ როლს ითამაშებს.

"კარანტინიდან გამოსვლის პირობებში, ვფიქრობ, რომ სახის დაფარვა სასარგებლო იქნება როგორც ეპიდემიოლოგიური მიზნებით, ასევე მოსახლეობისათვის თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, რათა დაუბრუნდნენ სამუშაოს." თქვა მან.

ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 157,149 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 21,092.

კომენტარები