ჯანდაცვის სისტემა

ჭიაბერაშვილი: ოჯახის ექიმები გახარიას და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება ქუთაისსა და ბათუმში მომუშავე არაერთ ექიმს და ექთანს ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს და უმუშევარს დატოვებს.

საქმე მთავრობის დადგენილებას ეხება, რომლის მიხედვითაც, 1-ლი მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში დაფინანსება უწყდება ყველა იმ კლინიკას, რომელთა ბენეფიციარების რიცხვი 13 ათასზე ნაკლებია,

ჭიაბერაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.

"520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი და მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს.

ჭიაბერაშვილი მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. მისი აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს. 

მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილების მიხედვით, დაფინანსების მიმღებია ბათუმსა და ქუთაისში ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა კლინიკა, რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი).

კომენტარები