კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი აღარ გაგრძელდება

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, მთავრობის ახალი ბრძანების შედეგად საფრანგეთში 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი დროზე ადრე სრულდება.

მთავრობის ბრძანების თანახმად, 5000-ზე მეტი ადამიანის თავყრილობა სექტემბრამდე არ იქნება დაშვებული. აგრეთვე, სექტემბრამდე იქნება აკრძალული სპორტული ღონისძიებები. შეზღუდვა დახურულ კარს მიღმა გამართულ თამაშებზეც ვრცელდება.

საფრანგეთში ეროვნული ჩემპტიონატის თამაშები 13 მარტიდან უვადოდ იყო შეწყვეტილი.

ჩემპიონატის მესვეურებს სურდათ, სეზონი 17 ივნისიდან გაგრძელებულიყო და 25 ივლისს დასრულებულიყო, თუმცა პრემიერმინისტრმა დააზუსტა ისიც, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

ამგვარად, საფრანგეთის ლიგა 1 ევროპის წამყვანი ხუთი საფეხბურთო ჩემპიონატიდან პირველია, რომლის სეზონიც კორონავირუსის პანდემიის გამო დადასტურებულად შეწყდა. ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის ეროვნული ჩემპიონატები კვლავ უვადოთაა შეწყვეტილი და უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი მიმდინარე სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარებას.

თავის მხრივ, UEFA-მ უკვე ერთი წლით გადადო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი.

საფრანგეთი კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილების დაწყებას 11 მაისიდან გეგმავს.

კომენტარები