კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ეფექტურია მიზნობრივი და არა მასობრივი ტესტირება, ამ მხრივ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კორონავირუსის კონტროლის კლინიკური ჯკგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექციის კონტროლისთვის ეფექტურია მიზნობრივი და არა აგრესიული, მასობრივი ტესტირება. მისი განცხადებით, მთელი მოსახლეობის გამოკვლევა შეუძლებელია და მთავარია, სამიზნე ჯგუფებში ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სამიზნე ჯგუფები ყოველკვირეულად გაფართოვდება. მისივე თქმით, არასამიზნე ჯგუფებში კორონავირუსის დადგენის ალბათობა ძალიან დაბალია.

"იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ე.წ აგრესიული მასობრივი ტესტირება ჩაატარეს და ასახელებენ ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად, ისრაელს და გერმანიას, გადახედეთ, ნახეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს, გამოეკვლიათ მოსახლეობის სულ 3%, მეტი ვერა. დანარჩენი 97% გამოუკვლეველია. მოახდენს ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ეპიდემიის კონტროლზე? არა, რა თქმა უნდა.

მთავარია არა მასობრივი გამოკვლევა მოსახლეობის, არამედ, მთავარია, ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში. მოკლე დროში ჩვენ მაინც ვერ მოვიცავთ მოსახლეობის არათუ უმეტესობას, მესამედსაც კი.

ამ მხრივ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას" - თქვა ცერცვაძემ.

კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველა პაციენტი, ვისაც აქვს Covid 19-ის "სულ მცირე სიმპტომი მაინც", გადის ტესტირებას. მისი თქმით, ასევე, კვლევა უტარდება ყველას, ვისაც აქვს რაიმე რისკის ფაქტორი - იყო კონტაქტში საეჭვო ავადმყოფთან, იყო უცხოეთში ან მასპიძლობდა უცხოელს.

"თვითონ ეს თემა, ეს კასკადი, 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება, შემდეგ ცხელების ცენტრში გადამისამართება და კოვიდის ცენტრში, არის უნიკალური მსოფლიოსთვის, ის რგოლი, რომელსაც ცხელების ცენტრი ჰქვია, საქართველოს ინოვაცია იყო და ერთერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის კონტროლისთვის, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდევ ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი. 

სამინისტროს ახალი ინიციატივით, ტესტირება უტარდება უკლებლივ ყველა კლინიკურ დაესებულებაში უკლებლივ ყველას, ვისაც აქვს ფილტვების ანთება, ან ვისაც აქვს ცხელება ანუ ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფს, ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის, ძალოვანი სტრიქტურების, ასაკოვანი ადამიანების გამოკვლევა და ფაქტობრივად, დაფარული იქნება ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი.

ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ეს სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება. ვიმეორებ, ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად, მთლიანად მოსახლეობის გამოკვლევა. იმიტომ, რომ მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან, არამიზნობრივ ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი" - ამბობს ცერცვაძე.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში PCR ტესტი 11 504 ადამიანს ჩაუტარდა, რაც მილიონ მოსახლეზე - 2 884-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მაისში დღეში 1500-2000 ტესტი ჩატარდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კი, იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და "ასეთი [მაღალი] მაჩვენებელი არ იქნება". მისი თქმით, 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და 24 საათის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამის შედეგი იყო. მოგვიანებით, ეზუგბაიამ თავისი განცხადება განმარტა და თქვა, რომ "ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი".

28 აპრილს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები პერმანენტულად გატარდეს - კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია. 

კომენტარები