კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ჯონსონი Covid-19-ზე: I ტალღის დასასრულს ვუახლოვდებით, უნდა გავითვალისწინოთ II ტალღის საფრთხე

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა და თქვა, რომ ჯერ-ჯერობით რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევია.

"თუ ჩვენ ერთიანობას გამოვამჟღავნებთ, როგორც ბოლო 6 კვირის განმავლობაში ვაჩვენებდით, ეჭვი არ არის, რომ მას დავამარცხებთ. გთხოვთ მოთოკოთ მოუთმენლობა, რადგან მჯერა, რომ პირველი ფაზის დასასრულს ვუახლოვდებით", - თქვა მან.

ჯონსონმა თქვა, რომ ესმის ბიზნესების შეშფოთება და კონსულტაციებს გაივლის ოპოზიციასთან, რათა კარანტინიდან გამოსვლის გეგმა დასახონ, თუმცა პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რისკი კვლავ მაღალია და შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა არ მოხდება.

"ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ახლა ვთქვათ რამდენად სწრაფად ან ნელა მოხდება ეს ცვლილებები, თუმცა მთავრობა მომდევნო დღეებში უფრო მეტს იტყვის ამაზე. უნდა გავითვალისწინოთ მეორე ტალღის საფრთხე, ვირუსზე კონტროლის დაკარგვის საფრთხე, რადგან ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალ ტალღას სიკვდილიანობის და დაავადებისა, არამედ ეკონომიკურ კატასტროფას", - ამბობს ჯონსონი.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადების 152,840 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 20,732 ადამიანი.

კომენტარები