კორონავირუსი

სამხრეთ კორეაში ყოველდღიური სოციალური დისტანციის მითითებები გამოაქვეყნეს

სამხრეთ კორეაში ე.წ. ყოველდღიური ცხოვრების კარანტინის მითითებები, რჩევები გამოაქვეყნეს, რაც გულისხმობს ყოველდღიური საქმიანობების გაგრძელებას სოციალური დისტანციის წესების დაცვის მითითებებით.

მასობრივი ტესტირებებით, დაინფიცირებულთა კვალის ძიებითა და კორონავირუსის გავრცელების შეკავების აპლიკაციით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის გადაცემის მაჩვენებელი არა მასობრივი ჩაკეტვით, არამედ სოციალური დისტანცირებით შეამცირეს. 

სამხრეთ კორეაში სოციალური დისტანციის ზომები 5 მაისამდე გრძელდება. ამის შემდეგ, სამხრეთ კორეაში ზომებს შეამსუბუქებენ იმ პირობით, რომ ამა თუ იმ დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. 

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, კიმ განგ-ლიპი, ექსპერტების ვარაუდზე დაყრდნობით ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, კიდევ 2 წელი დარჩეს ადამიანებთან - "ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომ ამ პერიოდში პრე-კორონავირუსულ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით".

მისი თქმით, ერთი მხრივ, მთავრობას სურს შეინარჩუნოს რეგულარული სოციალური და ეკონომიკური აქტივობები და ამავდროულად, თავიდან აირიდოს ინფიცირების ახალი შემთხვევები.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მითითებები, რჩევებია და სამართლებრივი ძალა არ აქვს.

საზღვარგარეთ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ პირი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა მივიდეს და ამ შემთხვევაში, სამუშაო დაწესებულებებს ურჩევენ, რომ გამართონ ვიდეოკონფერენციები, ონლაინ ტრენინგები, იმუშაონ დისტანციურად და ჰქონდეთ მოქნილი სამუშაო საათები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებმა პირბადეები უნდა ატარონ, ადგილი ტრანსპორტის ცარიელ რიგში დაჯავშნონ. ტაქსით სარგებლობისას მოსახლოებას ურჩევენ, რომ მობილური გადახდის მომსახურეობა გამოიყენონ. 

აღნიშნული მითითებებით მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ რესტორნებსა და კაფეებში მინიმალური დრო გაატარონ, ერთმა ადამიანმა გამოიყენოს ერთი თეფში. ბიზნესების მფლობელებმა უნდა განაცალკევონ სავარძლები და თუ შესაძლებელია, სივრცე გარკვეული ბარიერით გამოყონ. მათ ასევე მომხმარებლები უნდა წაახალისონ, რომ საკვების მიტანის სერვისებით ისარგებლონ და ონლაინ გადაიხადონ.

რელიგიურ დაწესებულებებს ურჩევენ, რომ ხელის დეზინფექციის საშუალებები გამოიყენონ. 

სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებმა სალაროსთან სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.

ოფიციალური პირების თქმით, ეს სტრატეგია იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ადამიანები ფრთხილად იქნებიან.

23 აპრილს კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 28 თებერვლის პიკის შემდეგ, როდესაც ერთ დღეში 909 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მომავალ დღეებში ახალი ინფიცირების რიცხვი ნულამდე დაეცემა. 52 მილიონიანი მოსახლეობიდან ახალი ვირუსი 10 708 პირს დაუდასტურდა. 

კომენტარები