საგანგებო მდგომარეობა

შერჩევითი სამართლის ქვეყანა - "სირცხვილია" გირჩის აქტივისტების დაკავებაზე

Facebook/ Zurab Girchi Japaridze

მოძრაობა სირცხვილია დღეს, 23 აპრილს გირჩის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიტიკოსების და აქტივიტების დაკავებას ეხმაურება და შერჩევით სამართალზე საუბრობს.

მოძრაობის განცხადებაში წერია:

"განურჩევლად იმისა, ვინ იზიარებს “გირჩის” მოთხოვნებს და ვინ - არა, ვის სურს შეზღუდვების გაუქმება, ვის - დატოვება და ვის - შეცვლა, თავად ფაქტი, რომ ხელისუფლება სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და ახორციელებს შერჩევით სამართალს, როცა, მაგალითად, არ ეხება ჰიგიენის ნორმების ცალსახად დამრღვევ მრევლს, მაგრამ ძალის გამოყენებით აკავებს მშვიდობიან და დისტანცირებულ აქტივისტებს:

არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი დამღუპველი პრაქტიკა!

ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა ლოგიკასაც არ ხსნის, ამ დრომდე მთავრობას არ წარმოუდგენია კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკური გეგმა. მთავრობამ ალტერნატივის შეთავაზების გარეშე აუკრძალა ქუჩაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ადამიანებს, რომელთათვისაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, შესაბამისად, გაწირა ისინი შიმშილისთვის. სამაგიეროდ, თავად, პირადი გემოვნებისა და ნეპოტიზმის საფუძველზე გასცემს ე.წ. “საშვებს” მსუბუქი ავტომობილების მფლობელი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა თუ მსახურებისთვის.

პოლიცია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობაში ადამიანების დაცვის ნაცვლად, მათი დევნა დაევალა, გადაჭარბებული ენთუზიაზმით აჯარიმებს დაკარგული ძაღლის საძებნელად, სახლის ეზოდან 40 ნაბიჯით დაშორებულ ადამიანს და გვერდიგვერდ მსხდომ მეუღლეებს. ხოლო დღეს უკვე იპოდრომზე აჯარიმებს 20 ადამიანზე მეტს და აკავებს პოლიტიკოსებს და აქტივისტებს. მაგრამ, იგივე პოლიცია ამბობს, რომ ვერაფრით აღმოაჩინა წესების დარღვევა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ასობით ადამიანის შემთხვევაში.


უკვე თვეზე მეტია გვესმის, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირითაა დაშორებული, ოფიციალურად, მაისის ბოლომდე გვაქვს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ხელისუფლება უბრალოდ იგონებს ახალ შეზღუდვებს და არ თვლის საჭიროდ, აგვიხსნას შეზღუდვების რაციონალურობა ან როგორ აზღვევს ნეგატიურ გვერდით მოვლენებს. კრიზისთან მებრძოლი გმირების მანტიაში გამოხვეული მაღალჩინოსნები ღიზიანდებიან ნებისმიერი კრიტიკული კითხვის დასმისას, დასცინიან და აკრიტიკებენ ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გვაწვდიან ინფორმაციას, რათა ინფორმაციულ ვაკუუმში არ აღმოვჩნდეთ.

გვესმის, რომ ყველა არ იზიარებს “გირჩის” აქციის მოთხოვნებს და შეზღუდვების სრულად მოხსნას, თუნდაც ისევ და ისევ მთავრობის მოსახლეობასთან კომუნიკაციის უუნარობის გამო - უპასუხისმგებლობად მიიჩნევს. ისიც გვესმის, რომ გონივრული შეზღუდვები რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან მათ დაცვას, დაინფიცირების შემთხვევაში, არსებული ჯანდაცვის სისტემითა და რესურსებით, უბრალოდ ვერ შევძლებთ. თუმცა, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა და შერჩევითი სამართლის ასე თვალსაჩინო დაკანონება სრულად ანადგურებს სახელმწიფოებრიობის ცნებას და ვირუსის წინააღმდეგ აქამდე გაწეულ ბრძოლასაც წყალში ყრის.


დღეს ხშირად გვესმის ფრაზა, რომ “პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა”, რომ ახლა ვირუსთან ბრძოლა სახლში დარჩენითაა შესაძლებელი, მაგრამ ამის პარალელურად, მთავრობიდან არავინ გვესაუბრება იმაზე, როგორ უნდა ირჩინონ თავი ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობის საეჭვოდ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად სამსახური დაკარგეს და სხვა ადამიანების ვირუსისგან დასაცავად - მტანჯველი შიმშილისთვის არიან განწირულები. და სანამ ჩვენ იმას ვადგენთ, უვიცობისგან მოსდით თუ ბოროტებისგან, ხელისუფლება თავდაუზოგავად ხარჯავს ადამიანურ, ფინანსურ თუ დროით რესურსს, პროტესტის დისკრედიტაციისთვის, განსხვავებული აზრის მარგინალიზებისთვის და მათი ბელადის, ბიძინა ივანიშვილის, რეალობას მოწყვეტილ ახირებათა მოტივებზე სამსჯელოდ, ნაცვლად რეალური ზრუნვისა.

ძალიან გვიმარტივდება #დარჩისახლში მოწოდებების გაჟღერება დისტანციურად მომუშავე, სახლში თბილად მსხდომ ადამიანებს, რომელთაც წიგნების კითხვისთვის, ვარჯიშისთვის და ოჯახის წევრებთან ხარისხიანი ურთიერთობისთვის გამოვიყენეთ ეს შეზღუდვები, თუმცა, საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა გახედვისას შეუძლებელია არ დავინახოთ ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც ხელისუფლებამ პურის ნაცვლად სანახაობა შესთავაზა და ტიკტოკის ჰანგებზე აცეტებით მოცეკვავე ბიძინა ივანიშვილი მიუგდო დროის გასაყვანად. სირცხვილია", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ, ვინაიდან მათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საპროტესტო აქციის მოწყობით კანონი დაარღვიეს. 3 პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

საპროტესტო აქცია ზურაბ ჯაფარიძემ 22 აპრილს Facebook-ის საშუალებით დაგეგმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც გირჩის ლიდერი წერდა, ის ძველ იპოდრომზე სეირნობას აპირებდა და ყველას, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაპროტესტება სურდა, შეეძლო მასთან ერთად "ესეირნა".

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 22 აპრილს საპროტესტო აქცია მარნეულშიც ჩატარდა. ადგილობვივებმა მოითხოვეს, მათთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის საშუალება მიეცათ. აქციაზე არავინ დაუჯარიმებიათ.

მოქალაქეები ტაძრებში და ტაძრების ეზოებშიც იკრიბებიან, რათა რელიგიური დღესასწაული აღნიშნონ, თუმცა, ხელისუფლება სასულიერო პირები და მრევლი არათუ აჯარიმებს, არამედ ამის ნებართვას თავად აძლევს.

კომენტარები