ეკონომიკა

არგენტინა ფინანსურ დეფოლტს მიუახლოვდა

არგენტინის ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლრის ოდენობით საგარეო ვალის მომსახურების საპროცენტო გადასახადი არ გადაიხადა. თუ მომავალი 30 დღის განმავლობაში თანხას კვლავ არ დაფარავს, ქვეყნის ისტორიაში მეცხრე ფინანსური დეფოლტი გამოცხადდება. 

აღნიშნული თანხა არგენიტინას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის უნდა გადაეხადა, რომლის 40 მილიარდი დოლარი მართებს. 

სასესხო გადახდის ბოლო ვადა 22 აპრილს ამოიწურა. მანამდე არგენიტინის ხელისუფლებამ მევალეებს ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. ქვეყნის ხელისუფლება სავალუტო ფონდიდან ვალის რესტრუქტურიზაციას 2020-2022 წლებში ვალის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებას და, ასევე, ძირითადი ვალის ნაწილის პატიებას მოითხოვდა. 

ამ ზომების მიღების შემთხვევაში ქვეყანა დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს დაზოგავდა, თუმცა კრედიტორებმა წინადადება უარყვეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას დღემდე არ წარმოუდგენია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საქმიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა. 

არგენტინამ ბოლო წლებში ფონდიდან 40 მილიარდი დოლარი მიიღო, სწორედ ფონდის ვალის მომსახურებაზე იხარჯება მთლიანი სავალო გადახდების 40%. გადაცილების შემდეგ არგენტინის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფონდთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შეთანხმება კვლავ შესაძლებელია. 

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, მარტინ გუსმანმა ადგილობრივ რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე ვირტუალური დეფოლტის ფაზაში იმყოფება. "ჩვენ არ შეგვიძლია კრედიტორებს უკეთესი პირობები შევთავაზოთ და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას", — განაცხადა გუსმანმა. 

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს არგენტინის ეკონომიკა 5,7%-ით შემცირდება.

კომენტარები