ეკონომიკა

ქართულმა ბანკებმა წლის პირველ კვარტალში 747 მილიონი ლარი იზარალეს

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საბანკო სექტორის ფინანსური სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამური საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია, თუმცა, ჯამურად ბანკებმა 747 მილიონი ლარი იზარალეს. ეს სტატისტიკის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ზარალი ბანკების მიერ ჯამურად 1,2 მილიარდი ლარის რეზერვების შექმნას უკავშირდება. სწორედ ეს თანხა დაარეზერვეს ბანკებმა სესხების შესაძლო დანაკარგების ასანაზღაურებლად. 

უნდა ითქვას, რომ ეს თანხა წარმოდგენს პოტენციურ და ჯერჯერობით არარეალიზებულ დანაკარგს. იმ შემთხვევაში თუ დანაკარგი მართლაც იქნება, ბანკების ფინანსურ მდგრადობას პრობლემები არ შეექმნება. 

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელი ბანკებმა შესაძლოა ზარალით დაასრულონ, თუმცა პანდემიით გამოწვეული რისკების აღმოფხვრის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ. 

ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკების საშუალო მოგება წლიურად 900 მილიონ ლარს შეადგენდა 

კომენტარები