კორონავირუსი საქართველოში

შსს: საგანგებო მდგომარეობის წესების და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე ნუ რეკავთ

112
medianews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს - 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ე.წ დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით. შსს-ს ცნობით, ამის გამო გადაიტვირთა 112-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

"21 აპრილს 112-ში 16908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ 112-თან დაკავშირებას.

გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია" - აცხადებს შსს.

საქართველოში საგანგებო მდგომარობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. ამასთან, 27 აპრილამდე აკრძალულია მანქანით გადაადგილება. დროებით ნებართვების მისაღებად და შეზღუდვებთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოქალაქეებმა მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე 144-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დილის 9-დან ღამის 12 საათამდე მუშაობს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ცხელი ხაზი გადატვირთულია და დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

კომენტარები