კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის გამო მიუნხენში ლუდის ყოველწლიური ფესტივალი არ გაიმართება

ახალი კორონავირუსის გამო წელს მიუნხენის ლუდის ფესტივალი "ოქტობერფესტი" არ ჩატარდება.

"ეს არ არის ნორმალური წელი და სამწუხაროდ, ოქტობერფესტი არ ჩატარდება," - განაცხადა ბავარიის პრემიერმა, მარკუს ზოედერმა

ორკვირიან ფესტივალს ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ვიზიტორი ესწრება, რისგანაც მიუნხენი დაახლოებით 1 მილიარდი ევროს შემოსავალს იღებს.

ფესტივალი, რომელიც პირველად 1810 წელს ჩატარდა, ამ დრომდე, ორჯერ გააუქმეს - მე-19 საუკუნეში ქოლერას ეპიდემიის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს.

მართალია, 20 აპრილიდან, გერმანიამ კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილება დაიწყო, თუმცა, მასობრივი შეკრებების აკრძალვა სულ მცირე 31 აგვისტომდე კვლავ ძალაშია.

21 აპრილის ამჟამინდელი მონაცმემებით, გერმანიაში ახალი ვირუსით ინფიცირების 147 593 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 869 პაციენტი. 95 200 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გერმანიაში კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი 1 728 357 ადამიანის ჩაუტარეს.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნადაა შენელებული - რობერტ კოხის დაავადების კონტროლის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშანვს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

კომენტარები