სამართალდამცავი სისტემა

მელია: ქალი რომ არ მომკვდარიყო, პოლიციელს არავინ დასჯიდა, სახელმწიფო არის ჩამოშლილი

ენმ-ის წევრის, ნიკა მელიას შეფასებით, ნასვამი პოლიციელის მიერ ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სამართალდამცავი სისტემა მაღალი და საშუალო რანგის თანამშრომლებზეა მორგებული, მათ იციან, რომ თუ უკანონო ქმედებამ სხვა ადამიანის სიკვდილი არ გამოიწვია, დაუსჯელები დარჩებიან.

მელიამ პოლიციელების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებიც გაიხსენა, მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც, რომელიც, ჟურნალისტის მტკიცებით, თბილისიდან აზერბაიჯანში კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. სახელმწიფოს საქმე არც გამოუძიებია.

"ქალი რომ არ მომკვდარიყო, ამ პოლიციელს არც არავინ დასჯიდა. ვატყუებთ ერთმანეთს, რომ სახელმწიფო გვაქვს. მყიფე არის მისი საფუძვლები და ნელ-ნელა გვეცლება ფეხებიდან.

  • პოლიციელები აკავებენ რიგით მოქალაქეებს და შემდეგ კრიმინალებს გადასცემენ და ეს კრიმინალები ადამიანს კლავენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია?
  • ჩვენ მივივიწყეთ აფგან მუხთარლის გატაცების ამბავი, შს მინისტრი რომ იყო მღებრიშვილი. ამ ადამიანს არ შერჩება ეს. თუ ჩვენ გვინდა, სახელმწიფოდ შევდგეთ. ენმ-ის მხარდამჭერი იქნება, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, არ ვიცი კიდე, ვისი, ყველას უნდა აინტერესებდეს, ეს ბატონი მუხთარლი როგორ აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში ტომარაგადაცმული, რომელიც ამბობს, პოლიციელებმა გაგვიტაცესო. და აივნიდან რომ ისვრის, ის გვიკვირს?
  • ცაგერში რომ მოკლა პოლიციელმა პოლიციელი ნოემბერში, ვითომც არაფერი.
  • ერთი საათის წინ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა მეორე თანამშრომელი.

საქმე გვაქვს იმასთან, რომ სისტემა არის მორგებული მაღალი და საშუალო თანამდებობის პოლიციელებზე. მათ ზუსტად იციან, რომ თუ არ მოკლავენ ნიკა მელიას, მაგრამ მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩაიდენენ, ეს შერჩებათ. რამდენს შერჩენია. სახელმწიფო არის ჩამოშლილი", - თქვა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერეში.

პოლიციელმა სოსო გაბრიაძემ 19 აპრილს, აღდგომას, ნასვამ მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან, თავისი სახლის აივნიდან უმისამართოდ ისროლა, რასაც ახლომდებარე კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლულის მეზობელმა თქვა, რომ პოლიციელმა ახალი წელიც ცეცხლსასროლი იარაღის სროლით აღნიშნა, სწორედ ამ დროს მოხვდა ტყვია მის კონდიციონერს.

პოლიციელი დააკავეს და ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ, 116-ე) მუხლით წარუდგინეს, რაც შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთელი დღის განმავლობაში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ პრემიერმინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.

კომენტარები