მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, მანქანების გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, ხვალ, 21 აპრილს, მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.
გახანგრძლივდება თუ არა აკრძალვა, ამაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობის ვადაც. თუმცა, პრემიერმინისტრმა გახარიამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით მიმართა. სალომე ზურაბიშვილი შესაბამის აქტს ხელს დიდი ალბათობით ხვალ მოაწერს, პარლამენტი კი მის დამტკიცებაზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერას არ გეგმავს, მიზეზად ანტიკრიზისული გეგმის არარსებობას ასახელებს.
დღეის, 20 აპრილის მდგომარეობით, დაწესებულია კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ გასვლა აკრძალულია. ასევე აკრძალულია მანქანების და ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ჩაკეტილია დიდი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის ოთხი და ხაშურის ერთი სოფელი. მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არც ერთი ეს შეზღუდვა არ გავრცელებულა.





