ბელარუსი

ბელარუსის ეკლესიებში სააღდგომოდ ათასობით მორწმუნე შეიკრიბა, ეკლესიაში მივიდა ლუკაშენკოც

ალექსანდერ ლუკაშენკო და მისი შვილი ნიკოლაი 2020 წლის 19 აპრილს მალია ლიადის ეკლესიაში
Reuters

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აღდგომას ეკლესიაში შვილთან ერთად მივიდა. ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის სტრატეგია მუშაობს:

"თქვენ იცით ჩემი პოზიცია: ჩვენ ყოველ წელს გადაგვაქვს ასეთი ვირუსები."

მიუხედავად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებებისა, ბელარუსის ეკლესიებში სააღდგომოდ ათასობით მორწმუნე შეიკრიბა.

მღვდლები წირვის ჩატარებას მრევლის გარეშე გეგმავდნენ. ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მოსახლეობას მოუწოდა, ტაძრებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ. თუმცა, ბელარუსში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად კარანტინი არ არის გამოცხადებული და მორწმუნეთა ნაწილმა ეკლესიაში წასვლა მაინც გადაწყვიტა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 4,779 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 45.

მიუხედავად ამისა, ლუკაშენკომ თქვა, რომ ქვეყანაში Covid-19-ით არავინ მომკვდარა და გარდაცვლილი პაციენტები სხვადასხვა ქრონიკული დაავადების შედეგად იღუპებიან. 

"ადამიანებს ეშინიათ, ამიტომაც მინდა, მათ ვუთხრა - ჩვენთან ქვეყანაში კორონავირუსით არცერთი პაციენტი გარდაცვლილა, არცერთი! პაციენტები კვდებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ბუკეტით, რომელიც მათ აღენიშნებოდათ", — ამბობს ლუკაშენკო.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის წინააღმდეგ ყინულის ჰოკეის, არაყს და ტრადიციულ აბანოს მიაშურონ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობისაგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო წირვაზე მრევლი დაუშვა. მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათისა, ეკლესიებში ღვთისმსახურებას ასობით ადამიანი დაესწრო. სააღდგომო წირვას არ დასრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

კომენტარები