კორონავირუსი

ცერცვაძე: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ფასი არ აქვს, თუ ის უხარისხოდ შევასრულეთ

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის აზრით, ოპტიმალური იქნებოდა, 21 აპრილის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს "ხარისხიანად". 

"საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მთავრობის და ქვეყნის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. მე, როგორც ერთი სპეციალისტი, ექიმი, ჩემი მოსაზრებაა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა დიდხანს, არა უსასრულოდ. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, ოპტიმალურად მიმაჩნია, გაგრძელდეს კიდევ ორი კვირით, ოღონდ ერთი პირობით - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ფასი არ აქვს, თუ ჩვენ ის უხარისხოდ შევასრულეთ.

ერთხანს, საზოგადოება ასრულებდა კარგად და რამდენიმე დღის წინ, როცა შეხედეს, რომ არც თუ ისეთი დიდი  ზრდა დაფიქსირდა და ამინდებიც კარგი გამოვიდა, აშკარად შეამჩნევდით, რომ მოიმატა ქუჩებში ხალხის რაოდენობამ, მოიმატა მანქანების რაოდენობამ, გაჩნდა ადამიანთა მცირე ზომის შეკრებები. ვიღაცები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულებრივ რაღაცას... ეს არის უხარისხო შესრულება და რამდენადაც უხარისხოდ შევასრულებთ, მით უფრო იძულებულები ვიქნებით, გავახანგრძლივოთ საგანგებო მდგომარეობა" - თქვა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს მიმართა. პარლამენტი საკითხს სავარაუდოდ 22-23 აპრილს განიხილავს.

21 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან - კომენდანტის საათი მოქმედებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ეკონომიკური საქმიანობა, გაჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 16 აპრილიდან კი, შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებსაც შეეხო.

პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვებს და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიაც - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს. 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და ქვეყანა "კუბოების თვლას" ვერ აუვიდეს. ისინი აღდგომიდან ორ კვირაში, რამდენიმე ათას ინფიცირებულს ელოდებიან. ინფექციონისტების შეფასებით, მრევლზეა დამოკიდებული ეპიდემიის განვითარების სცენარი.

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგისა და 258 ინფექციონისტით, სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 

კომენტარები