ახალი კორონავირუსი საქართველოში

ევანგელური ალიანსი: აღასრულეთ საგანგებო რეჟიმი ყველას მიმართ, დისკრიმინაციის გარეშე

საქართველოს ევანგელური ეკლესია ხელისუფლებას მიმართავს, აღასრულოს მის მიერვე შემოღებული საგანგებო მდგოამრეობის რეჟიმი ყველა რელიგიური ჯგუფის მიმართ თანაბრად, დისკრიმინაციის გარეშე.

ევანგელური ეკლესიის განცხადებაში წერია:

"საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მთ 22:39) და: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი” (მთ 4:7).

ამავე დროს, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს ამ ყოველმხრივ მართებულ საქციელზე მცირედმორწმუნეობისა თუ შიშის იარლიყის მიწებება. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ეპიდემიის შესაძლო მასიურ გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ რელიგიურ მოღვაწეს, რომელმაც არ გაითვალისწინა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და არ დაემორჩილა მიღებულ საგანგებო წესებს.

მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მის მიერვე მიღებული საგანგებო რეჟიმის წესების აღსრულება ყველა რელიგიის მიმართებაში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

აგრეთვე მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს - იქნება ეს ტაძრები, სამლოცველო სახლები თუ მეჩეთები - ეპიდემიის საფრთხის გადავლამდე, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ასეთი მიდგომა წარმოაჩენს წრფელ სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!", - აცხადებს ევანგელური ეკლესია.

_____________________________________________________________________________

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. 22-23 აპრილს კი პარლამენტი მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ მსჯელობას გეგმავს. მოქმედებს კომენდანტის საათი. ჩაკეტილია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მარნეულსა და ბოლნისში, ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. არ მუშაობს კაფე-რესტორნები და სასტუმროები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. დაიხურა აგრარული ბაზრები. ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეზღუდვებს არ ემორჩილება. წირვა-ლოცვები მრევლის თანდასწრებით ტარდება, ასევე, ძალაშია ერთი კოვზით ზიარების წესიც.

ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა, რომელიც სხვა აქამდე ცნობილ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. მსოფლიოში მისით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 147 ათას ადამიანზე მეტი. Covid 19 პანდემიად არის გამოცხადებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის არიან სასულიერო პირებიც.

კომენტარები