საგანგებო მდგომარეობა

17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება

17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. გადაწყვეტილება ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა.

შეზღუდვა არ ეხება მიტანის სერვისებს.

პრემიერის მრჩეველმა თქვა:

"ექიმები ინფექციის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. ვიღებთ გადაწყვეტლებას მკაცრი ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალიდან, 17 აპრილის 12 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება ავტომობილებით გადაადგილება. მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების და დისტრიბუციის მანქანებზე. სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასევე, მუშაობას აგრძელებს დელივერი სერვისები", - თქვა მან.

ჩიქოვანის თქმით, იმ ობიექტებმა, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ, თანამშრომლების გადასაყვანად მანქანებისთვის შესაბამის ნებართვები უნდა აიღონ და ამისთვის დარგობრივ სამინისტროებს მიმართონ.

"ამასთან, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს", - თქვა ჩიქოვანმა.

17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

"იმ შემთხვევაში, თუ თოთოეულმა მოქალაქემ, ბიზნესმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ დავიცავით კანონი და არ შევასრულეთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და უახლოეს პიერიოდში მოგვიწევს ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში", - თქვა ჩიქოვანმა.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და ზომებისა, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით უფრო და უფრო მკაცრდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრებში წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღავლენს. ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მრევლი სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრება. ძალაში რჩება ერთი კოვზით ზიარებაც.

ახალი კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიაც გამოცხადდა, ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის.

კომენტარები