კორონავირუსი

დიდ ბრიტანეთში, Covid-19-ის გამო, საგანგებო ზომები სამი კვირით გახანგრძლივდა

დომინიკ რააბი
Reuters

დიდ ბრიტანეთის მთავრობამ ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო ზომების, სულ მცირე, სამი კვირით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა, 16 აპრილს განაცხადა. 

"სოციალური დისტანციის წესებში ახლა ნებისმიერმა ცვლილებამ, შესაძლოა, [შემთხვევების] მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს," - განაცხადა რააბმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსგავსმა მოქმედებამ, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეორე პიკამდე მიიყვანოს - "ეს გარდაცვლილთა რიცხვს არსებითად გაზრდის".

რააბის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მათ მიერ მიღწეული წინსვლა წყალში ჩაიყრება და უფრო ხანგრძლივი, მკაცრი ზომების მიღება გახდება საჭირო.

დომინიკ რააბმა ეკონომიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა გრძელვადიან პერიდში ეკონომიკასაც ავნებს:

"ნებისმიერი ამჟამინდელი შეზღუდვის მოხსნა დააზარალებს ორივეს - საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ჩვენ ეკონომიკას".

15 აპრილის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვირუსით დაავადების 99 455 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 12 868 პაციენტი. ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენი ტესტი 398 916 პირს ჩაუტარდა.

კომენტარები