ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მღვდლები ილოცებენ ჩვენთვის, მჯერა, ეს ლოცვა ადგილზე მისვლაზე უკეთესი იქნება

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ დაესწრონ ტაძრებში წირვა-ლოცვას და სახლში ილოცონ, რათა ხელი შეუწყონ ახალი კორონავირუსის შეკავებას.

"სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვა უკეთესი იქნება, ვიდრე ადგილზე ჩვენი მისვლა ტაძარში. კარგად გამიგეთ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, ამ საშიშროების შესახებ გითხრათ. თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა, რთულად განვითარებადი ეპიდემია. თუ დავიცავთ, ინფიცირების ზრდა იქნება, მაგრამ ისეთი, რომლის მოვლასაც ჯანდაცვის სისტემა შეძლებს, ამიტომ გამოვალთ ეპიდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვალთ. ინფექცია მზარდია, ცეცხლს ვეთამაშებით. ტაძრებში შეკრება, სასაფლაოზე შეკრება, ოჯახური შეკრებები - ეს ყველაფერი მხოლოდ ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში", - თქვა გამყრელიძემ.

15 აპრილს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს. აღდგომამდე ტაძრებში სხვა მსახურებებიც ტარდება, რომელსაც მრევლი ასევე ესწრება და ერთი კოვზითაც ეზიარება.

პარალელურად ექიმები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადს ვერ გაუძლებს და მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

16 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში Covid 19-თ ინფიცირების 336 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 74, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები