ახალი კორონავირუსი საქართველოში

ხაზაშვილი: უნდა მოვერიდოთ ხალხთან კონტაქტს, ამით სხვებს სიკვდილისგან გადავარჩენთ

დაავადებათა კონტროლისეროვნული ცენტრის გადამდები ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხაზაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლოებას, დაიცვან რეკომენდაციები და მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ახლა, ახალი კორონავირუსის ქვეყნის შიდა გავრცელების ეტაპზე, როცა ინფიცირებისგან დაცული არავინაა, არსებობს კლინიკების გადატვირთვის საფრთხე, რაც, თავის მხრივ, ავადმყოფთა მოვლას გაართულებს.

"ჩვენ ველოდით და დადგა ის დრო, როცა დადგა ქვეყანაში ამ ვირუსის შიდა გადაცემა, როცა ეჭვს არ იწვევს, რომის გავრცელებულია ქვეყნის შიგნით და დღეს თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რისკი, რომ თუ არ დავიცავთ ყველა წესს, გავცდეთ ინფიცირებულები. შესაბამისად, ყველა წესის დაცვა რეკომენდებულია ყველასთვის, მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მივიღოთ ის, რომ პროცესები განვითარდეს თანმიმდევრულად და მდორედ, რაც თავის მხრივ, მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ მძიმე ავადმყოფთა სიცოცხლე და გადავარჩინოთ ისინი სიკვდილისაგან.

სხვა შემთხვევში, სამედიცინო დახმარების მიწოდება ერთდროულად დაავადებულთა დიდი რაოდენობისთვის გახდება რთული, სამედიცინო პერსონალი ვერ აუვა შემთხვევათა ასეთ რაოდენობას, მეორე მხრივ კი, სამედიცინო პერსონალი თვითონაც დგას მაღალი რისკის ქვეშ და დაავადებული პერსონალის შემთხვევაში ავადმყოფთა მოვლა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.

ამიტომ ერთადერთ საშუალებად, 21-ე საუკუნეშიც, გვრჩება ის, რაც ოდითგანვე ცნობილი იყო კაცობრიობისთვის, ჩვენ არაფერ სიახლეს არ ვთავაზობთ ადამიანებს, ეს არის ძველი, აპრობირებული ჭეშმარიტება - ჩვენ უნდა მოვერიდოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას, ახლო კონტაქტებს, დაავადებულები უნდა დასორდნენ საზოგადოებას და ამ გზით შევამციროთ ინფექციის გადაცემის ტემპი და დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები: ხველის ეტიკეტი, ხელების დაბანა, მხოლოდ ეს მოგვცემს დროის მოგების შესაძლებლობას", - თქვა მან.

ხაზაშვილისვე თქმით, უსიმპტომო ან მსუბუქი პაციენტისგან ინფექციის გადადების რისკი შედარებით ნაკლებია, თუმცა, გადადება მაინც ხდება. მისივე განცხადებით, შემთხვევების 80% სწორედ მსუბუქად ჩაივლის, თუმცა, დანარჩენი 20%-ის მდგომარეობა შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, ამასთან ეს რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების პროცესს - მისი თქმით, ამას შეიძლება 3-დან 6 კვირამდე დასჭირდეს, რაც ასევე დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემითვის და ესეც არის გამოწვევა, რის გამოც ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს, რაც შეილება ნაკლები იყოს მძიმე პაციენტების რაოდენობა და ნაკლებს დასჭიდეს ჰოსპიტალიზაცია.

15 აპრილს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აღდგომის ღამეს მოქალაქეები ლიტურგიას დაესწრონ, ხელისუფლება კი ტაძრებში სოციალურ დისტანცირებას უზრუნველყოფს. აღდგომამდე ტაძრებში სხვა მსახურებებიც ტარდება, რომელსაც მრევლი ასევე ესწრება და ერთი კოვზითაც ეზიარება.

პარალელურად ექიმები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დიდ ნაკადს ვერ გაუძლებს და მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 128 ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა 15%-ს 80 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენენ.

16 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში Covid 19-თ ინფიცირების 336 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 74, გარდაიცვალა 3 ადამიანი

კომენტარები