უკრაინა-რუსეთი

უკრაინამ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს

Reuters

უკრაინამ და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა პატიმრების გაცვლა დაიწყეს. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში განაცხადეს.

2020 წელს ეს პატიმრების გაცვლის პირველი შემთხვევაა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მოქალაქე დაბრუნდება. უცნობია, რამდენ ადამიანს აგზავნის სანაცვლოდ უკრაინა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"პატიმრების გათავისუფლება აჩვენებს პრეზიდენტის სტრატეგიის ეფექტურობას და 2019 წლის ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულებას," - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ უკრაინელების გასათავისუფლებლად, რომლებიც რუსეთში და ოკუპირებულ ყირიმში ჰყავთ დაკავებული.

---

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

2019 წლის სექტემბერში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისას უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებმა “შტაინმაიერის ფორმულა” განიხილეს, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. სამიტზე უკრაინა და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

შტაინმაიერის ფორმულის მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა.

ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს. 

კომენტარები