ეკონომიკა

ფულადი გზავნილები მცირდება — რა ელის საქართველოსა და რეგიონს

რუსეთში მიმდინარე მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ეკონომიკებისთვის მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი

რუსეთში მომუშავე მიგრანტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყოველწლიურად 13 მილიარდ დოლარს აგზავნიან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის, საყოველთაო თვითიზოლაციისა და გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება. 

საინვესტიციო ბანკის M&G Investments-ის განვითარებადი ბაზრების ანალიტიკოსის, ელდარ ვახიტოვის აზრით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები წელს, შესაძლოა, 30-40%-ით შემცირდეს. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კიდეფ უფრო მძიმეა განვითარებადი ეკონომიკების მდგომარეობა. ამასთან ერთად, რუსეთის პერსპექტივას ნავთობსა და ენერგომატარებლებზე შემცირებული მოთხოვნა და ფასი ამძიმებს. 

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს რუსეთის ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება.

ელდარ ვახიტოვის თქმით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების კომპენსაცია რთული იქნება და დანაკლისის შესავსებად ქვეყნებს საკუთარი სავალუტო რეზერვების ხარჯვა, ან IMF-ისგან დამატებითი ფინანსური დახმარება დაჭირდებათ.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსული ვალუტის ფასიც. მიმდინარე წელს რუბლი 16%-ით გაუფასურდა, რაც კიდევ უფრო ამცირებს რუსეთიდან გამოგზავნილი ფულის მსყიდველობით უნარს.

მიგრანტებს შორის პოპულარული ფულადი გზავნილების სერვისის Unistream-ის ცნობით, ჯერ კიდევ მარტში მათ მიერ გატარებული გზავნილების მოცულობა 30%-ით შემცირდა. სავაურადოდ, მაჩვენებელი უფრო მეტად შემცირდა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 1 მაისამდე პერიოდი რუსეთში უქმედ გამოცხადდა.

Bloomberg-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით ფულადი გზავნილების მოცულება წელს მესამედით შემცირდება. გამოცემის მონაცემებით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში ყირგიზეთი და უზბეკეთია - ამ ქვეყნებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი მშპ-ს თითქმის მესამედს შეადგენს.

გამოცემის შეფასებით, ყველაზე კარგ პოზიციაში უზბეკეთია, ამის მიზეზი კი საგარეო ვალის დაბალი მაჩვენებელი, მოცულობითი სავალუტო და ოქროს რეზერვებია.

რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების წილი ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ეკონიკებში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ტაჯიკეთი — წილი მშპ-ში - 33.9%;
  • ყირგიზეთი — წილი მშპ-ში - 29,7%;
  • სომხეთი — წილი მშპ-ში - 9%;
  • უზბეკეთი — წილი მშპ-ში 8,1%;
  • მოლდოვა — წილი მშპ-ში 4,2%;
  • საქართველო — წილი მშპ-ში - 3,6%;
  • აზერბაიჯანი — წილი მშპ-ში - 2,3%.

რა ელის საქართველოს?

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების მარტის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, წინა წლის მარტთან შედარებით, გზავნილების რაოდენობა 12,5 მილიონი დოლარით შემცირდა და ჯამურად 125 მილიონი დოლარი შეადგინა. 

რუსეთიდან, საიდანაც ტრადიციულად ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ხორციელდება, კლებამ 28,3% შეადგინა. გზავნილების მოცულობა შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან. 

თუ რუსეთიდან მარტში დაფიქსირებული კლების ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, 2020 წელს დანაკლისი დაახლოებით 128 მილიონი დოლარი იქნება. შედარებისთვის თუ 2019 წელს რუსეთიდან 428 მილიონი მილიონი დოლარი გამოიგზავნა, წელს მაჩვენებელი დაახლოებით 300 მილიონამდე შემცირდება. მხოლოდ ეს დანაკლისი საქართველოს მშპ-ს წელს დაახლოებით 0,7%-ით შეამცირებს. 

წინა წლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 9,7%-ს შეადგენდა. თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდება და გზავნილების მოცულობა 30%-ით დაიკლებს, ეს ეროვნულ შემოსავალს დაახლოებით, 500 მილიონი დოლარით შეამცირებს. 

მხოლოდ ამ კლების შედეგად ქვეყნის მშპ, დაახლოებით, 2,9%-ს დაკარგავს.

კომენტარები