პოლონეთი

პოლონეთში ქალებმა აბორტზე დამატებითი შეზღუდვების კანონპროექტი მანქანებიდან გააპროტესტეს

Wojtek Radwański / AFP via Getty Images

პოლონეთში, ვარშავის ქუჩებში ქალებმა აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივა გააპროტესტეს.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული წესების გათვალისწინებით, ქალები საკუთარი ავტომობილებიდან და ველოსიპედებიდან მართავდნენ აქციას. 

ისინი ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატამ ამ კვირაში უნდა განიხილოს და რომელიც ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტის გაკეთებას კრძალავს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელს სკოლებში სექსუალური განათლების მიცემისთვის. 

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რადგან ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჯარო შეკრებები აკრძალულია, ხელისუფლება ცდილობს, დრო იხელთოს და კანონპროექტი გაიტანოს. 

პოლიციელები დემონსტრანტებს ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებდნენ, რომ დაშლილიყვნენ, რადგან პოლონეთში გამოცხადებული კარანტინის მიხედვით, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, თუმცა, მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე არცერთი აქტივისტი არ დაუჯარიმებიათ. 

დემონსტრაციების გარდა, პოლონელებმა კანონპროექტი ვირტუალურ სივრცეშიც გააპროტესტეს. მათ Instagram-ზე ერთგვარი კამპანია წამოიწყეს და პრეზიდენტ ანჯეი დუდას საპროტესტო ბანერების ფოტოებზე ნიშნავენ. 

პოლონეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აბორტი დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ან ორსულობა გაუპატიურების შედეგია. თუმცა, ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება ამ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები