საარჩევნო შეთანხმება

ჰარცელი: ოქრუაშვილის პატიმრობა ხელს არ უწყობს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა და ამ საქმის გარემოებები ხელს უწყობს პოლარიზაციის ზრდას და ხელს არ უწყობს 8 მარტს შეთანხმების შესრულებას.

"ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

ეს მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს", - განაცხადა კარლ გარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ. .

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე 13 აპრილს მიუსაჯეს.

ბრალდების ერთ - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის - ნაწილში მოსამართლემ ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი წესით ჩატარდება: 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით. საარჩევნო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამასთან, შეთანხმების ნაწილია 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

კომენტარები