ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ მცირე რადიუსის რაკეტები გაისროლა, ქვეყანაში საჰაერო სამხედრო წვრთნები ტარდება

EPA

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 13 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე მცირე რადიუსის რაკეტა გაისროლა, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩაეშვნენ. რაკეტებმა 150 კილომეტრი დაფარეს. სამხედრო წვრთნაში ჩართული იყო რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავიც.

უკანასკნელ კვირებში ჩრდილოეთ კორეა სამხედრო წვრთნებს ატარებს, გამოსცადეს რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტაც. გასულ თვეს მათ სულ 9 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, 12 აპრილს კიმ ჩენ ინი საავიაციო ბაზას ეწვია და საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს დაესწრო.

სამხრეთ კორეამ COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის პირობებში მსგავსი ქმედება დაგმო და "შეუფერებელი" უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის არსებობას უარყოფს, თუმცა ახალი საავადმყოფოების აშენების ბრძანება გასცა.

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით კი ჩრდილოეთ კორეაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების მრავალი შემთხვევაა. Daily NK იტყობინება, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსით დაავადებული 180 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, 3,700 კი კარანტინში მოათავსეს. Yonhap - ის ცნობით კი, კარანტინში დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო.

კომენტარები