კორონავირუსი და ეკონომიკა

კოვზანაძე: ბიუჯეტის შესრულების პრობლემა მაისში ჩამოყალიბდება, რეცესიაშიც შევალთ

დიმა ჩიკვაიძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ კვარტალში წარმატებით შესრულდა, თუმცა მეორე კვარტალში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია.

"ბუნებრივია, რომ ჩვენ პრობლემები გვეწყება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს უკვე მოჩანს აპრილის თვეში და რეალურად, პრობლემა ჩამოყალიბდება მაისში, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, ჩვენ გაგვეზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ის და ეს წლის განმავლობაში ალბათ ჯერადად გაიზრდება... რეალურად, ჩვენ რეცესიაშიც შევალთ" - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს მაისში წარუდგენს.

მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად პირველი ნაბიჯები 13 მარტს წარადგინა, რომლის ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს აღწევდა. მასტიმულირებელ პაკეტში საუბარი იყო გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, საგადასახადო შეღავათებზე და სხვადასხვა შეღავათზე ტურიზმის სექტორისთვის. პირველ აპრილს კი პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

კომენტარები