კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კლინიკაში 33 საშუალო სიმძიმის პაციენტია, მძიმე 4, რჩება 3 კრიტიკული

ტვ პირველი

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში 81 პაციენტია მოთავსებული. მათგან 66 კორონავირუსით ინფიცირებულია. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხებს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტები გაეწერებიან

რატიანი ამბობს, რომ 33 საშუალო სიმძიმის პაციენტია კლინიკაში, მძიმე 4, ხოლო კრიტიკული - 3. 

რაც შეეხება 80 წლის ქალს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, თერაპიის განყოფილებაში დღეს გადმოიყვანენ. ის, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს კლინიკას. 

"ასევე, ჩვენ გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის კაცი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა მოეხსნა. აღდგენილია ფილტვის ქსოვილის სტრუქტურა. ეს პაციენტიც გადავიდა თერაპიულ განყოფილებაში,"- თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანა იგეგმება. 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 266-მდე გაიზარდა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულების რიცხვს 9 ადამიანი დაემატა. აქიდან 67 არის გამოჯანმრთელებული, 3 კი - გარდაცვლილი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და თითქმის საყოველთან კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი.

ბოლნისში, მარნეულში, ლენტეხში და ქობულეთის 4 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.

კომენტარები