კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთი COVID 19-ზე ჩატარებულ კვლევებს გამოქვეყნებამდე გამკაცრებული წესით შეამოწმებს

Reuters

ჩინეთის განათლების სამინისტრომ გამოსცა ახალი დირექტივა, რომლის თანახმადაც COVID-19-ზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა გამოქვეყნებამდე დამატებით გადამოწმებას დაექვემდებარება.

როგორც დირექტივაშია ნათქვამი, "აკადემიური ნაშრომები ვირუსის წარმომავლობის კვლევაზე მკაცრად და მტკიცედ უნდა შემოწმდეს."

იმისათვის, რომ ნაშრომი გამოქვეყნდეს, შემოწმება ჯერ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში უნდა გაიაროს. ამის შემდეგ, ნაშრომი განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტში გადაიგზავნება, ბოლოს კი სახელმწიფო საბჭოს ოპერატიული ჯგუფის თანხმობა იქნება საჭირო. უნივერსიტეტი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს ნაშრომის გამოქვეყნებას, როცა სახელმწიფო საბჭოდან მიიღებს თანხმობას.

მოგვიანებით დირექტივა ინტერნეტიდან წაშალეს, თუმცა მაინცაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ასეთი დირექტივის არსებობას ადასტურებენ ჩინელი მკვლევრებიც.

ჩინელი მეცნიერები COVID-19-თან დაკავშირებულ კვლევებს იანვრიდან აქვეყნებდნენ. თუმცა მათი ზოგიერთი აღმოჩენა ეწინააღმდეგებოდა ჩინეთის მთავრობის ვერსიას ვირუსის წარმოშობისა და ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემის პირველად დაფიქსირების შესახებ.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში, საიდანაც ახალი კორონავირუსი წარმოიშვა, COVID-19-ის 83 134 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო თითქმის 78 ათასი გამოჯანმრთელდა. თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით გავრცელებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გამო, ოფიციალური ვერსია ეჭვქვეშ დგას.

კომენტარები