ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეპისკოპოსი რუსუდანი: ვიღაცები კანონის წინაშე მეტად თანასწორები არიან, ვიღაცები - ნაკლებად

ტაბულა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს სელექციურად უდგება.

გოცირიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხმრავლობას გამოეხმაურა, რაც საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, აკრძალულია, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია.

მისი თქმით, ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესია ცარიელ ტაძრებში ლოცვებს 8 მარტიდან ატარებს. გადაწყვეტილება მისმა წინამძღვრებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე, მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. მრევლი ღვთისმსახურებას თვალს ფეისბუქის გვერდზე ადევნებს.

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ტვ პირველთან ამბობს, რომ მრევლს ტაძარში სიარული ყოველთვის სურს, ამიტომ გადაწყვეტილებები წინამძღოლებმა უნდა მიიღონ.

"ტაძარში მოსვლის ბედნიერება მართლა ძალიან დიდია და ცარიელ ტაძარში ღვთიმსახურების ჩატარება ძალიან რთულია, ურთულესია. ემოციურად ძალიან მძიმეა. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, არ მოსულიყვნენ, იმიტომ რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების ჯანმრთელად ყოფნა და უსაფრთხოება და მე მგონია, წინამძღოლი ვერასდროს წაუვა ამ პასუხისმგებლობას.

როცა იესო გამოცდის წინაშე დააყენეს და უთხრეს, გადახდი და ანგელოზები დაგიცავენო, მან თქვა: არ გამოსცადო უფალი შენი.

რწმენა არ არის ირაციონალიზმი. როცა ცუდად ვხდებით, ვსვამთ წამალს. რატომ ვსვამთ წამალს? მაშინ ვინც ახლა მიდის ტაძრებში და ამბობს, მე არაფერი მომივაო, არ დალიოს წამალი, იმიტომ რომ მაშინ არაფერი, რაც მეცნიერებამ თქვა, არ უნდა მიიღოს. მაგრამ ასე სელექციურად მიდგომა არ არის ჯანსაღი და ცუდ რამეზე მეტყველებს.

მამა-შვილი დააჯარიმეს მაღაზიის რიგში დგომისთვის, დისტანციის დაუცველობის გამო. ცოლ-ქმარი დააჯარიმეს, მანქანაში გვერდით რატომ ზიხარო. რატომ არის ის ასეთი მიდგომა.

ძალიან ლამაზია, ყვავილებით მოხატულ რიგში რომ დგანან, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ხომ ძალიან კარგად ვიცით? ყველა უბანში ეკლესიაა. აუარება ხალხია და არავინ იცავს დისტანციას. სამების წირვას ვუყურე, ამბიონთან არ იცავდნენ დისტანციას. არ სჭირდება ამას დიდი ექსპერიმენტი - ვიღაცები უფრო თანასწორები არიან კანონის წინაშე, ვიღაცები ნაკლებად თანასწორები", - თქვა რუსუდან გოცირიძემ ტვ პირველის ეთერში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება. დღეს, 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, რომელიც ახალი კორონავირუსის რისკ-ჯგუფშია, ის 87 წლისაა, ამასთან, აქვს თანმდევი დაავადებები.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

დღეს, 12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის წინა ღამე პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია.

კომენტარები